
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: პეკინი არაა ნეიტრალური, უკრაინის წინააღმდეგ ომში მან ფაქტობრივად მოსკოვის მხარე დაიჭირა!
27/06/2024 10:46:31 მსოფლიო
შეერთებული შტატების ელჩმა ჩინეთში ნიკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ ჩინეთი არ არის ნეიტრალური დაპყრობით ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ Sky News იუწყება.
შანხაიში, ჩინურ ფინანსურ ცენტრში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ნეიტრალიტეტის შესახებ განცხადებებისა, პეკინი მოსკოვს უამრავ ტექნოლოგიას აწვდის, ინარჩუნებს მყარ სავაჭრო კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინის ომის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მისი თქმით, ჩინეთი „არ არის ნეიტრალური, მან ფაქტობრივად რუსეთის მხარე დაიკავა ამ ომში“.
„დიდი შეცდომად მიგვაჩნია, ჩინურ კომპანიებს შესაძლებლობა მივცეთ, გაგზავნონ ათასობით კომპონენტი, ტექნოლოგიური შემადგენელი, მიკროპროცესორები და ნიტროცელულოზა რუსეთის ფედერაციაში, რათა გააძლიერონ თავდაცვის ინდუსტრია ამ სასტიკ ომში“, - თქვა ბერნსმა.
შეერთებული შტატების ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც უკვე მესამე წელია, გრძელდება, ევროპაში „ეგზისტენციალურ კრიზისად“ იქცა.
გასულ კვირას გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ჩინეთში ვიზიტის დროს კვლავ გააფრთხილა ჩინეთის მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერის ეკონომიკური შედეგების შესახებ.
მანამდე, G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებდნენ მოქმედებებს სუბიექტებისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მატერიალურად უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.