
მედია: რუსეთის ტვერის ოლქში ქიმიურ ქარხანას დრონებით ორჯერ შეუტიეს
27/06/2024 12:51:53 მსოფლიო
„კამიკაძე“ დრონები ღამით ორჯერ დაესხნენ თავს ქიმიურ ქარხანას რუსეთის ტვერის ოლქში. დარტყმები განხორციელდა ღამის 02:00 საათზე და დილის 04:00 საათზე, იუწყება ტელეგრამ– არხი " "ბაზა". ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იტყობინებიან, რომ პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა და რომ არავინ დაშავებულა.
მედია ვარაუდობს, რომ დრონების სამიზნე რედკინსკის ექსპერიმენტული ქარხანა იყო, რომელიც ტვერიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. იქ იწარმოება მათ შორის, სამხედრო ინდუსტრიაში გამოყენებული ქიმიური რეაგენტები და დანამატები. საწარმოზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურად არცერთი მხარე არ იტყობინება.
რუსეთის ტვერის ოლქის მთავრობამ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით ღამით თავს დაესხნენ კონაკოვოს მუნიციპალურ ოლქს, რომლის ნაწილიცაა ხსენებული ქარხანა. იტყობინებიან, რომ ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ დრონების "ვარდნის შედეგების" აღმოსაფხვრელად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედროებმა ღამით სამ რეგიონში ჩამოაგდეს დრონები. როგორც ამტკიცებენ, ოთხი დრონი ჩამოაგდეს ტვერის რეგიონში, ორი – მოსკოვის რეგიონში და ერთი – ბელგოროდის რეგიონში. თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.