
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს
27/06/2024 13:53:53 მსოფლიო
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება სახელწოდებით: "ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები" გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში გაიმართა.
დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოაწერეს.
დღესვე უკრაინამ მსგავსი შეთანხმებები ლიეტუვასა და ესტონეთთან გააფორმა.
მანამდე, Reuters წერდა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში -მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.
დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვევაში, ევროკავშირი და უკრაინა 24 საათის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კიევის საჭიროებებზე და სწრაფად განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს ვალდებულებების შესაბამისად.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში დარჩება, სანამ უკრაინა თავის ევროპულ გზას მიჰყვება და გადაიხედება არაუგვიანეს 10 წლის შემდეგ.