
ცაჰკნა: სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება
27/06/2024 15:41:38 ციტატა
"შევხვდი ესტონეთში საქართველოს ელჩ ზურაბ ხამაშურიძეს და ტალინში ახალ პოზიციაზე წარმატებები ვუსურვე. მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის იზიარებდნენ განსაკუთრებულ კავშირს, ამიტომ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება", – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.
ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები 25 ივნისს ოფიციალურად დაიწყო. რაც შეეხება საქართველოს, ბლოკისა და ქვეყნის ურთიერთობა გააუარესა „აგენტების კანონის“ მიღების ფაქტმა, რაც ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებას.