27-06-2024 22:00:48 პოლიტიკა
საქართველო NATO-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულად ვინ წავა ვაშინტონში დაგეგმილ სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.
„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა NATO-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი “, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "აშშ–მა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად". ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან ერთად ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული ღონისძიებაზე.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ო’ბრაიენმა ისიც აღნიშნა, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” რიგი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ.
"ჩვენ ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე ნაწილის გადაწყვეტილებები და რიტორიკა”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.
"მთავრობა და ახლახანს, ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ–მინისტრის განცხადება, რომ მათი ბოლო პერიოდის ქმედებები არ დააბრკოლებდა ამ კურსს, თუმცა ბოლო პერიოდის ქმედებები ძალადობა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და "აგენტების კანონის" მიღება, შეუთავსებელია ამ მისწრაფებებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ თხოვნით მივმართეთ მთავრობას, გადაეხედა მისი პოზიციისთვის", – დასძინა მან.
ო’ბრაიენი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ.
ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.