გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ანაკლიას სანქცირებულ ჩინურ კომპანიას აბარებს

28-06-2024 14:05:01 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, "უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან".

ამის შესახე კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა.

აღსანიშავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განსახორციელებლად შერჩეული ჩინური კომპანია CCCC (China Communications Construction Company Limited) აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, ასევე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაშია მხილებული, რის გამოც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 2021 წელს იგი ე.წ “Entity List”–ში* შეიყვანა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51 პროცენტი წილის დარჩება სახელმწიფოს, 49 პროცენტი ექნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი გაატარებს 600 ათას კონტეინერს, რაც ნიშნავს დაახლოებით 7,8 მილიონ ტონა ტვირთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარების გამო საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთიხლა.

როგორც "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა, "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განსახორციელებლად შერჩეული ჩინური კომპანია CCCC (China Communications Construction Company Limited) აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, ასევე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაშია მხილებული, რის გამოც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 2021 წელს იგი ე.წ “Entity List”–ში* შეიყვანა".

"ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შენდება ინფრასტრუქტურა და ვინ აშენებს მას. საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება კარგია, მაგრამ ამ კომპანიას არც ერთის გამოცდილება აქვს, არც მეორესი.

მისი ერთ-ერთი წინა პროექტი, ანაკლიის მსგავსად, დაიწყო საჯარო-კერძო პარტნიორობით, მაგრამ შედეგად ჩინეთმა მიიღო 99-წლიანი იჯარა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომში კი ჩინური "კვლევითი ხომალდების" ვიზიტები, რამაც მთელი რეგიონის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. შრი-ლანკაში, ჰამბანტოტაში მდებარე ეს პორტი ამჟამად სამარცხვინოა ჩინეთისა და მასპინძელი შლი-ლანკის სარგებლის უთანასწორობის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, ხსენებულ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCC–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში სატენდერო პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, პროექტი სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემით განხორციელდება. შეერთებული შტატები მზად არის, იმუშავოს საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნვესაყოფად, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ქვეყნის მოსახლეობას სიკეთე მოუტანოს, თავიდან იქნას აცილებული არამდგრადი ვალი, დაცული იყოს მუშახელის უფლებები, ისევე, როგორც გარემოზე ზემოქმედების სტანდარტები, ამასთანავე, საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას", – განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები