
პრემიერი: „საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში"
28/06/2024 10:36:48 ციტატა
„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.