28-06-2024 16:32:29 პოლიტიკა
"საქართველო, რომელიც, ხაზს ვუსვამ - არა ნატო-ს სამიტზე, არამედ მხოლოდ ნატო-ს პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისთვის" ნაწილში და იქაც მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი, - ეს კატასტროფული უკუსვლაა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე" - აცხადებს დეპუტატი თეონა აქუბარდია და შემდეგი არგუმენტაცია მოჰყავს:
"სულ ახლახანს ვიხილეთ ამერიკული მხარის განცხადება ნატო-ს ხსენებულ პროგრამაზე, რომლის მონაწილეც, შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყანა 1994 წლიდანაა, ანუ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან და წლების განმავლობაში ძალიან წარმატებუად მიიწევდა წინ. მოვისმინეთ ცხადი გზავნილი, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება ისე დაიწყებს მოქცევას, როგორც ასპირანტი ქვეყნის ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, მაშინ შეიძლება, დაიწყოს საუბარი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის კუთხით ახალ დონეზე გადასვლაზე. აქ აქცენტი იყო გაყინულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ანტინატოურ რუტორიკაზე... მოვისმინეთ ასევე ნატო-ს გენმდივნის განცხადება, რომ რუსული კანონის ["უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის - რედ.] მიღების შემთხვევაში საქართველოს ალიანსისკენ გზაზე წინსვლა ვერ ექნებოდა. "ქართულმა ოცნებამ" არაფერი შეისმინა - და აი შედეგიც: ნატო-ს საიუბილე სამიტზე აზიისა და წყნარე ოკეანეს რეგიონის ქვეყნებიც კი არიან მიწვეულები, მაგრამ არა საქართველოს მთავრობის ლიდერი ირაკლი კობახიძე! ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, თანაც არა სამიტზე, არამედ მის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც პროგრამას "პარტნიორობა მშვიდობისთვის" ეხება! თუ ამ უკაკასკნელის მონაწილეთა ჩამონათვალს გადავხედავთ, ადვილი მისახვდრი ხდება, რომ საქართველო დაშორდა არა მხოლოდ ბუქარესტის სამიტის დაპირებას, რომ უკრაინასთან ერთად გახდებოდა ნატო-ს წევრი, არამედ ასპირანტი ქვეყნის სტატუსსაც კი, რაკი ამ სტატუსის შესაბამისად, უმაღლესი დონის თანამდებობის პირით აღარ ვიქნებით წარმოგენილი ნატო-ს სამიტზე".
აქუბარდიას შეფასებით, "ნატო-ს წევრობა საქარველოსთვის წლების განმავლობაში უსაფრთხების კუთხით უდიდესი ეროვნული ამოცანა იყო და ჩვენმა სამხედროებმა ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს ნატო-სკენ გზაზე ქვეყნის წინსლისათვის, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გაყინულია, დაპაუზებულია და შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვიბრუნდება, თუ ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლას შევძლებთ".
ამასთან, დეპუტატი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, მან გააკეთოს ყველაფერი, რათა ნატო-ს სამიტზე წარსდგეს, რადგან "ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, რომლის 75%-ზე მეტი ალიანსის წევრობას უჭერს მხარს და ეიმედება, რომ გავხდებით ნატო-ს წევრები".
"ღრმად მწამს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, მაგრამ არა მოქმედი ხელისუფლების პირობებში, რომლის ქმედებების შედეგად იმ დონემდე ვართ ამ მიმართულებით ჩამოქვეითებულები, რომ სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის" - დასძენს თეონა აქუბარდია.