პრემიერი აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების არდასწრებაზე: "დემარშები დროებითია, როდესაც მათ არ აქვთ მყარი საფუძველი"

28-06-2024 18:52:34 პოლიტიკა

„დემარშები დროებითია, როდესაც მათ არ აქვს მყარი საფუძველი", – ასე მიმართა პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგენისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას.

დეპუტატმა, რომელიც სხდომათა დარბაზში პროტესტის გამო მხოლოდ რამდენიმე წუთით შევიდა, კობახიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა და განუცხადა, რომ "საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო დღეს პრემიერი ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიოდა არა მხოლოდ დეპუტატების, არამედ ევროკავშირისა და ნატო–ს ელჩების დემარშის გამო“.

"ელჩების დემარში არ არის ის, რაც შეიძლება, დადებითად გაიხსენოს ვინმემ ბოლო თვეების და რამდენიმე წლის კონტექსტში. ჩვენ ვიხილეთ 27 ელჩის დემარში სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაუკავშირეს ეს საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ ეს დემარში არ გავითვალისწინეთ, რადგან ეს დემარში იყო უსაფუძვლო, არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას და ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ აქუბარდიას განცხადების საპასუხოდ.

საქართველოს პარლამენტში პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ძირითადად ესწრებოდნენ ხოლმე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. დღეს კობახიძის გამოსვლას აშშ–სა და ევროკავშირის ელჩები არ დასწრებიან.

როგორც "აქცენტს" აშშ–ის საელჩოში განუცხადეს, "საელჩოს მისიას ღონისძიებაზე წარმოადგენდა ელჩის მოადგილე ალან პერსელი". სხდომას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ დაეძაბა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები