Accentnews.ge
საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

01/07/2024 06:56:41 მსოფლიო

საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. კერძოდ, 30 ივნისს ღამით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად ლიდერობს ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, იგივე „ეროვნული ფრონტი“, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე ულტრამემარჯვენეთა მოწინააღმდეგე 8 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ მემარცხენე პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

საპროტესტო აქციები ლიონში, ნანტში, დიჟონში, ლილსა და მარსელში გაიმართა. მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავებს ბოთლები და პეტარდები ესროლა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის: საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ულტრამემარჯვენეებს ხმა მისცა ამომრჩეველთა 34%-მა, მემარცხენეთა ალიანსს „ახალ სახალხო ფრონტს“ - 28,1%-მა, ხოლო პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციას - 20,3%-მა.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული კრების (ასამბლეის) არჩევნები მაჟორიტარული სისტემით, ორ ტურად ტარდება 577 ოლქში. პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების სულ მცირე 50%-ია საჭირო.

ვადამდელი არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 ივლისს გაიმართება, ერთმანეთს პირველი ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდება. მეორე ტურში მონაწილეობენ ის კანდიდატებიც, რომლებმაც პირველ ტურში ხმების, სულ მცირე, 12,5% მიიღეს.

მემარცხენეების ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ მოხსნიან კანდიდატებს, რომლებიც მესამე ადგილზე გავიდნენ და მიღებული ხმებით მეორე ტურში მონაწილეობა შეუძლიათ, რათა არ დაუშვან ხმების დაქსაქსვა და ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეების მოსვლა. ასეთივე ტაქტიკა აქვს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიციასაც.

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებთან ცენტრისტული კოალიციის დამარცხებას მოჰყვა პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება ეროვნული პარლამენტის დათხოვნის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S