
ორ დღეში რუსებს ბელგოროდის რაიონში ხუთი ავიაბომბი ჩამოუვარდათ
01/07/2024 08:13:00 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის რეგიონში ორი დღის განმავლობაში ხუთი სხვადასხვა სიმძლავრის ავიაბომბი აღმოაჩინეს, წერს ტელეგრამ–არხი "ბაზა".
არხის ცნობით, პირველი მძლავრი ბომბი (FAB-1500) 28 ივნისს დილით, სოფელ კრუტოი ლოგიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინეს. მეორე დღეს ორი FAB-500 იპოვეს შებეკინსკის ურბანულ რაიონში. კიდევ ერთი – ასევე კრუტოი ლოგის მახლობლად.
29 ივნისს საღამოს, სოფელ მასლოვა პრისტანიდან 6 კილომეტრში, სამტონიანი FAB-3000-ის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. არხის წყაროები ირწმუნებიან, რომ ავიაბომბის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ ყოფილა. აღმოჩენილი ბომბები მზადდება განადგურებისთვის.
მანამდე "ასტრა" წერდა 11 და 12 ივნისს ბელგოროდის რეგიონში ავიაბომბების ჩამოვარდნის შესახებ. შემდეგ, ხუთი მძლავრი ბომბი აღმოაჩინეს სოფლებში: ნეკლიუდოვოში, ნოვოსტროევკაში, ცეპლიაევო-მეორეში, ასევე ბატრატსკაია დაჩისა და ლენინსკის მიდამოებში.
კიდევ უფრო ადრე, ბელგოროდის რეგიონში ორი FAB-500 აღმოაჩინეს მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის დღეს - 12 მაისს.
საერთო ჯამში, "ასტრას" გამოთვლით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს 93 ბომბი ჩამოუვარდათ ბელგოროდის რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.