
ზმეინის დაბრუნებამ შესაძლებელი გახადა საზღვაო ვაჭრობის განახლება და გავლენა მოახდინა სტრატეგიულ ოპერაციებზე - უკრაინის დაზვერვა
01/07/2024 09:28:58 მსოფლიო
2022 წელს ზმეინის კუნძულის რუსული ძალებისგან განთავისუფლებამ შესაძლებელი გახადა "საზღვაო ვაჭრობის აღდგენა", - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.
სპეცსამსახურმა გაიხსენა, რომ ორი წლის წინ, 2022 წლის 30 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის "A" სპეცრაზმი დაეშვა ზმეინზე. კუნძულის განთავისუფლების მისია, რომელშიც მონაწილეობდნენ მესაზღვრეები, უკრაინის საზღვაო ძალების ჯარისკაცები, სპეცრაზმი, არმიის ავიაციის და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები, დაგეგმილი იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ.
„ზმეინის განთავისუფლებას ძალიან სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც კი კუნძულზე კონტროლი დავიბრუნეთ, ჩვენ შევძელით საზღვაო ვაჭრობის აღდგენა“, - აღნიშნა სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა.
მისი თქმით, კუნძულის განთავისუფლებამ, რომელიც მდებარეობს სანაპიროდან 37 კილომეტრში, ასევე „იმოქმედა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების შემდგომ სტრატეგიულ ოპერაციაზე, რომელიც მიმართულია ყირიმსა და შავ ზღვაში დამპყრობლების წინააღმდეგ“.
„მაგალითად, რუსული გემების განადგურება Magura V5 დრონებით და უკრაინის გამარჯვება რუსეთზე შავი ზღვის მიდამოში არის მნიშვნელოვანი შედეგი იმისა, რომ ზმეინი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ.