
თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავ ზღვაში ერთობლივი ოპერაცია წამოიწყეს
01/07/2024 10:05:45 მსოფლიო
თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა ორშაბათს, 1 ივლისს შავ ზღვაში ერთობლივი ოპერაცია წამოიწყეს ნაღმების წინააღმდეგ გემების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
სტამბოლის ინიციატივა არის პირველი დიდი ერთობლივი ქმედება შავი ზღვის ქვეყნების მიერ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ის მიზნად ისახავს ომის შედეგად შავი ზღვის ზოგიერთი რაიონის ნაღმებისგან გაწმენდას. თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შესაბამის შეთანხმებას 11 იანვარს მოაწერეს ხელი.
ბულგარეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯგუფის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და რომ შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაცია ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის ურთიერთქმედების და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას.
რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მიმწოდებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას.
კიევმა შავი ზღვის საექსპორტო მარშრუტი გასულ წელს ამოქმედდა მას შემდეგ, რაც რუსეთისგამო, თურქეთისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან წარმატებით გაზარდა უკრაინიდან ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებულიყო, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოა.
2023 წლის აგვისტოში საზღვაო დერეფნის გახსნის შემდეგ უკრაინამ 37,4 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა ოდესიდან, ჩერნომორსკიდან და იუჟნის პორტიდან, იტყობინებოდა უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო გასულ კვირას.