
NATO–ს ქვეყნებმა კიევისთვის AWACS-ის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა დაიწყეს – მედია
01/07/2024 11:04:57 მსოფლიო
ნატოს სამხედრო მეთაურები უკრაინას აწვდიან ინფორმაციას, რომელი მოპოვებულია ადრეული გაფრთხილებისა და სამიზნე სისტემით (AWACS) აღჭურვილი თვითმფრინავების მეშვეობით. ამის შესახებ UK Defense Journal ბრიტანეთის საჰაერო ძალების ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით წერს.
„ოფიციალურად, მოპოვებული ნებისმიერი სადაზვერვო ინფორმაცია მხოლოდ ნატოს ქვეყნებში იგზავნება, მაგრამ ყველამ იცის, რომ ზოგიერთი ქვეყანა სწრაფად უზიარებს ამ ინფორმაციას უკრაინას, რაც მას საშუალებას აძლევს, გაუმკლავდეს შემომავალ შეტევებს. დასავლური დაზვერვის მონაცემები უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ყოფნა გაზარდა. კერძოდ, რეგიონში გაიგზავნა დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები, მათ შორის გამანადგურებლები და სადაზვერვო.
ამჟამად ნატოს თვითმფრინავები უკრაინის ცას პოლონეთის საჰაერო სივრციდან აკვირდებიან. აღმოსავლეთ ფლანგზე ასეთი თვითმფრინავების განლაგება ხელს უწყობს რეგიონში სამხედრო ბლოკის ყოფნის გაძლიერებას და რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს, – ამბობენ ალიანსში.
„ჩვენს AWACS სისტემებს შეუძლიათ ასობით კილომეტრით დაშორებული თვითმფრინავების აღმოჩენა, რაც მათ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის საკვანძო შესაძლებლობად აქცევს“, - თქვა მანამდე ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.