
ბაიდენმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ტრამპის იმუნიტეტის შესახებ "საშიში პრეცედენტი" უწოდა
02/07/2024 06:12:28 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმუნიტეტის შესახებ "საშიში პრეცედენტი" უწოდა.
"ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. ამერიკა შეიქმნა იმ პრინციპის საფუძველზე, რომ ქვეყანაში მეფეები არ არსებობენ და კანონზე მაღლა არავინ დგას, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ქმედებებს საზღვარი ფაქტობრივად, აღარ აქვს", – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც მან თეთრ სახლში გამოსვლისას აღნიშნა, "საზოგადოებას უფლება აქვს საპრეზიდენტო არჩევნებამდე იცოდეს, რა როლი ჰქონდა ტრამპს 6 იანვრის ამბოხებაში, თუმცა ეს სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მოხდება".
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს პრეზიდენტობის პერიოდში ოფიციალური ქმედებებისთვის.
სასამართლოს მიერ 1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, არაოფიციალურ ქმედებებზე იმუნიტეტი არ ვრცელდება. უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიანდო იმის დადგენა, ტრამპის რომელი მოქმედება იყო ოფიციალური და რომელი - არა.
უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გადაავადებს პროცესს ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება შეთქმულებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით და შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სხვა საქმეებზეც.
დონალდ ტრამპი, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის არაერთი საქმეა აღძრული, 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატია.