კადიროვის კრიტიკოსმა მამისა და ძმების გატაცების შესახებ განაცხადა

02-07-2024 12:16:25 კავკასია

ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ხასან ხალიტოვმა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, ჩეჩნეთში მამისა და ორი ძმის გატაცების შესახებ განაცხადა.

ის შიშობს, რომ ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა შესაძლოა, მათ წინააღმდეგ დემონსტრაციული რეპრესიები განახორციელოს.

ხალიტოვის თქმით, მისი ნათესავები 28 ივნისს გაიტაცეს. ბლოგერის მამა სოფელ ზაკან-იურტში სახლიდან გასვლისას გაუჩინარდა, ხოლო ძმები სასაუბროდ გროზნოში დაიბარეს და მას შემდეგ მათთან კონტაქტი ვერ მყარდება. ერთ-ერთი მათგანის მანქანა მოგვიანებით დააბრუნეს, მაგრამ ცარიელი.

ხალიტოვი მომხდარს უკავშირებს მის ბოლო მცდელობას, ესაუბრა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ქალიშვილთან რესპუბლიკის მცხოვრებთა გატაცების შესახებ.

„ამ ბოლო დროს გატაცებული ახალგაზრდების ბედის გარკვევას ვცდილობდი. მქონდა კადიროვის ქალიშვილის აიშატის ნომერი (მას ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკავია). მასთან კითხვით დავრეკე, მაგრამ მითხრა, არასწორი ნომერი მქონდა. თუმცა, სპეციალური აპლიკაციით შევამოწმე და ეს ნომერი მის სახელწეა რეგისტრირებული",– თქვა ბლოგერმა.

ბლოგერმა YouTube-ის არხზე გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, მაგრამ ვიდეო ჰოსტინგის სერვისმა წაშალა იმის გამო, რომ ჩარჩოში მობილური ნომერი იყო მითითებული. როდესაც ხალიტოვმა ხელახლა გამოაქვეყნა ვიდეო, მას ადამ კადიროვმა, ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟმა, რომელიც ცნობილია გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ნიკიტა ჟურაველის ცემით, მუქარით დაურეკა.

„როდესაც წარსულში იტაცებდნენ ჩემს ნათესავებს, ხანდაზმულ მამას ჩვეულებრივ იმავე დღეს აბრუნებდნენ. ახლა ის და ძმები ძალიან დიდი ხანია, დაკარგულები არიან, მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ადრე, ნათესავების გატაცებისას, კადიროვის კაცები ცდილობდნენ გარკვეული პირობების დაყენებას, მაგალითად, მოითხოვდნენ კონკრეტული ვიდეოს წაშლა. ახლა არანაირი პირობები არ დაუყენებიათ“, - განაცხადა ხალიტოვმა.

ჩეჩნეთის ხელისუფლება და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები არ აკეთებენ კომენტარს ხალიტოვის განცხადებებზე მისი ნათესავების გატაცების შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები