
ბერბოკი უსაფრთხოებაში მეტ ინვესტირებას მოითხოვს
02/07/2024 09:47:19 ევროპა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ბერლინმა 2025 წლის ბიუჯეტზე რთული მოლაპარაკებების ფონზე, უნდა გააგრძელოს უსაფრთხოებაში ინვესტირება. ამის შესახებ DPA წერს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიამ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებთან ბრძოლაში, თუნდაც ეს ნიშნავდეს ვალის გაზრდას.
ამავდროულად, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი კოალიციური მთავრობისგან მკაცრი წესების ე.წ. "ვალების მუხრუჭის" დაცვას ითხოვს ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით.
"საბედისწერო იქნებოდა, რამდენიმე წელიწადში გვეთქვა: ჩვენ დავიცავით ვალის მუხრუჭი, მაგრამ დავკარგეთ მშვიდობიანი წესრიგი ევროპაში," - ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა.
გერმანიის მთავრობა გეგმავს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმებას მომავალ კვირას მიაღწიოს, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დისკუსიების შემდეგ.