
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილი დღეს ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს
02/07/2024 11:06:24 პოლიტიკა, საზოგადოება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის", – ნათქვამია ინფორმაციაში.
დღეს 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ღონისძიება სახელწოდებით "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.
ცნობისთვის: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. 30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.
მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს – გერმანიის ნაკრებს 5 ივლისს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.