
უკრაინა და უნგრეთი ორმხრივ შეთანხმებას ამზადებენ
02/07/2024 12:18:09 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი მორიგდნენ, რომ იმუშავებენ შეთანხმებაზე, რომელიც გადაჭრის ორმხრივ პრობლემებს. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა სამშაბათს კიევში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად.
„ჩვენი დიალოგის შინაარსი შეიძლება გახდეს საფუძველი მომავალი ორმხრივი დოკუმენტისთვის ჩვენს სახელმწიფოებს შორის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება სარკისებურ მიდგომაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ორბანი ასევე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა დააახლოვა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან.
„ჩვენ გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა, ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან გლობალური თანამშრომლობის შეთანხმებას, რაც გვაქვს სხვა მეზობლებთან“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
"უკრაინას საუკეთესოს ვუსურვებ და უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს თქვენ დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ". - თქვა ორბანმა.
ორბანის თქმით, ის უკრაინაში ჩავიდა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებისთანავე, რათა უკეთ გაეგო, როგორ დაეხმაროს უკრაინის სახელმწიფოს.
მან უკრაინის ომს უწოდა ევროპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ასე დარჩება ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.
”ჩემი ვიზიტის მიზანია, გავიგო, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში,” - თქვა მან და დასძინა, "თქვენ იცით, რომ ჩვენ გვსურს, გაგიწიოთ ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და მსურს გავიგო - და ეს ჩემი მისიაა - თქვენი ხედვა მშვიდობის შანსების შესახებ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მადლობას გიხდით მოწვევისთვის."
2 ივლისს უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინას პირველად წვია ოფიციალური ვიზიტით.
1 ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.