
რუსეთის აგრესიის გამო გერმანია და პოლონეთი აღმოსავლეთის ფლანგს გააძლიერებენ
02/07/2024 12:35:33 ევროპა
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 2018 წლის შემდეგ პირველი მთავრობათაშორისი მოლაპარაკებები გამართეს ვარშავაში სამშაბათს, 2 ივლისს. პოლიტიკოსებმა, კერძოდ, სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
”ჩვენ უნდა გავაფართოვოთ სატრანსპორტო მარშრუტები პოლონეთსა და გერმანიას შორის, რაც ასევე მნიშვნელოვანია სამხედროებისთვის”, - თქვა ოლაფ შოლცმა.
მან დასძინა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოებას „განუყოფად“ მიიჩნევს და ვარშავასა და ბერლინს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვინდა, რომ პოლონეთის ხმა ხმამაღლა ისმოდეს ევროპაში, რადგან ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული“, - დაწერა კანცლერმა X-ზე და მადლობა გადაუხადა ტუსკს „კონსტრუქციული მთავრობისი კონსულტაციებისთვის“.
თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია გახდება „ლიდერი ევროპის უსაფრთხოების საკითხებში“. გარდა ამისა, მან გაიხსენა, რომ მისი ქვეყანა „შეიარაღებაზე დიდ ფულს ხარჯავს“, ამიტომ მას სურს, რომ ვარშავის ძალისხმევა ამ სფეროში „კარგად იყოს კოორდინირებული სხვა ქვეყნების ძალისხმევასთან“.
სააგენტო dpa-ს ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებულ დოკუმენტში ნახსენებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვარშავისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი. ნათქვამია, რომ მხარეები „აწარმოებენ ინტენსიურ დიალოგს 1939 წლიდან 1945 წლამდე გერმანიის აგრესიასა და ოკუპაციას გადარჩენილ მსხვერპლთა მხარდასაჭერი ზომების შესახებ“. გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ბერლინში გერმანულ-პოლონური სახლის აშენებაზე, რომელიც დაპროექტებული იქნება „გერმანელ-პოლონური რთული ისტორიისა და სასტიკი გერმანული ოკუპაციის ხსოვნის გასაგრძელებლად“, ასევე უნდა „შეიქმნას პოლონელ მსხვერპლთა ხსოვნის ადგილი“.