
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებს უკვე 190 კანდიდატი ჩამოშორდა ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად
02/07/2024 14:18:52 ევროპა
საფრანგეთის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც კვირას, 7 ივლისს გაიმართება, უკვე 190 კანდიდატმა თქვა უარი,– იტყობინება Le Monde.
აღნიშნული გადაწყვეტილება მათ უფრო ძლიერი ოპონენტის სასარგებლოდ მიიღეს, რომელიც დაუპირისპირდება ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" კანდიდატს.
პირველ ტურში ულტრამემარჯვენეებმა რეკორდული მაღალი შედეგი აჩვენეს – 577 ოლქიდან 297-ში პირველი ადგილი დაიკავეს. ზოგიერთი, მათ შორის პარტიის სახე და მისი ყოფილი ხელმძღვანელი მარინ ლე პენი, პარლამენტში შევიდა – მიიღო ხმების ნახევარზე მეტი. მეორე ტურში გადავიდნენ კანდიდატები, რომლებმაც პირველ ტურში ხმების 50%-ზე ნაკლები, მაგრამ 12,5%-ზე მეტი მიიღეს. მანამდე მეორე ტურში ორ კანდიდატს შორის ბრძოლა უჩვეულო არ იყო, მაგრამ ამჯერად მაღალმა აქტივობამ - თითქმის 67% - და ფრანგული საზოგადოების პოლარობამ განაპირობა ის, რომ უმეტეს რაიონებში მეორე ტურში სამი კანდიდატი გავიდა, რამდენიმეში - ოთხიც.
ამ ვითარებაში, მემარცხენე კოალიციის ლიდერებმა, რომლებიც ქვეყანაში საშუალოდ მეორე ადგილს იკავებდნენ პირველ ტურში, მეორე ტურში გასულ კანდიდატებს მოუწოდეს, მოხსნან თავიანთი კანდიდატურები და მხარი დაუჭირონ უკეთესი პოზიციის მქონე ოპონენტს ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად. "მეტი არც ერთი ხმა და არც ერთი ადგილი", - თქვა ჟან-ლუკ მელენშონმა, მემარცხენეების ლიდერმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა ამომრჩევლებს მეორე ტურში ულტრამემარჯვენეების დაბლოკვისკენ. „მეორე ტურში დიდი დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთიანობის დროა“, - განაცხადა მან.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნებში ქვეყანაში ულტრამემარჯვენეების წარმატების შემდეგ დაინიშნა.