
მედია: რუსეთმა მინიმუმ, ორჯერ გაგზავნა წყალქვეშა ნავები ირლანდიის ზღვაში
02/07/2024 14:54:00 მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოიერიშე წყალქვეშა ნავებმა მინიმუმ ორჯერ ჩაატარეს ოპერაციები ირლანდიის ზღვის რაიონში,- წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. საუბარია Kilo-ს კლასის წყალქვეშა ნავებზე. ესაა დიზელის საწვავსა და ელექტროენერგიაზე მომუშავე მოიერიშე ხომალდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაუშვას ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“ და ტორპედოები, ასევე განათავსოს საზღვაო ნაღმები.
პირველი შემთხვევა მოხდა 18 თვის წინ, მეორე - ახლახანს.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, რუსეთის წყალქვეშა ნავების გადაადგილების მასშტაბები გასცდა იმ ფარგლებს, რასაც წინათ ხედავდნენ ბრიტანელი მოხელეები.
Bloomberg აღნიშნავს, რომ „კრემლის ამ უპრეცედენტო ნაბიჯმა“ ბრიტანეთის სამხედროები აიძულა, ზომები მიეღოთ ბრიტანეთისა და ირლანდიის წყლების დასაცავად.
წყაროების თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ იცოდა რუსეთის წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელის თქმით, შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს რუსეთის ფლოტის საქმიანობას. ირლანდიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება კომენტარს არ აკეთებს სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ოპერაციებზე. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროშიც უარი თქვეს კომენტარზე.
სააგენტოს თანამოსაუბრეთა აზრით, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაპირებთან რუსეთის წყალქვეშა ნავების გამოჩენა შესაძლოა, იყოს მოსკოვის მცდელობა, გამოავლინოს ბრიტანეთის თავდაცვის სუსტი ადგილები და შეეცადოს, დააშინოს ლონდონი კიევის მიმართ მისი მხარდაჭერის საპასუხოდ.