
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებს უკვე 200–ზე მეტი კანდიდატი ჩამოშორდა ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად
03/07/2024 08:56:37 ევროპა
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდის შემდეგ კანდიდატებმა მარინ ლე პენის პარტიის, "ეროვნული ერთობის" წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. პოლიტიკური პარტიებისთვის 2 ივლისს საფრანგეთის დროით 5 საათზე იყო ბოლო ვადა მეორე რაუნდისთვის კანდიდატების დასარეგისტრირებლად.
ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მედია წერს, რომ 214-დან 218-მდე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა "ეროვნული ერთობის" ოპონენტი პარტიის სასარგებლოდ.
პირველ ტურში ულტრამემარჯვენეებმა რეკორდული მაღალი შედეგი აჩვენეს – 577 ოლქიდან 297-ში პირველი ადგილი დაიკავეს. ზოგიერთი, მათ შორის პარტიის სახე და მისი ყოფილი ხელმძღვანელი მარინ ლე პენი, პარლამენტში შევიდა – მიიღო ხმების ნახევარზე მეტი. მეორე ტურში გადავიდნენ კანდიდატები, რომლებმაც პირველ ტურში ხმების 50%-ზე ნაკლები, მაგრამ 12,5%-ზე მეტი მიიღეს. მანამდე მეორე ტურში ორ კანდიდატს შორის ბრძოლა უჩვეულო არ იყო, მაგრამ ამჯერად მაღალმა აქტივობამ - თითქმის 67% - და ფრანგული საზოგადოების პოლარობამ განაპირობა ის, რომ უმეტეს რაიონებში მეორე ტურში სამი კანდიდატი გავიდა, რამდენიმეში - ოთხიც.
ამ ვითარებაში, მემარცხენე კოალიციის "ახალი სახალხო ფრონტის" ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა მისი პარტიის მესამე ან მეოთხე ადგილას გასულ კანდიდატებს მოუწოდა, კანდიდატურები ლე პენის პარტიის საწინააღმდეგოდ მოეხსნათ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა ამომრჩევლებს მეორე ტურში ულტრამემარჯვენეების დაბლოკვისკენ. „მეორე ტურში დიდი დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთიანობის დროა“, - განაცხადა მან.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნებში ქვეყანაში ულტრამემარჯვენეების წარმატების შემდეგ დაინიშნა.