
ლუკაშენკო მძიმედ დაავადებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას აპირებს
03/07/2024 09:13:52 ევროპა
ბელარუსიის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გეგმავს, მალე გაათავისუფლოს რამდენიმე მძიმედ დაავადებული პოლიტპატიმარი, პირველ რიგში ონკოპაციენტები.
ხელისუფლებამ „ადამიანურად უნდა იმოქმედოს“, – თქვა ლუკაშენკომ, თუმცა იმავდროულად, მძიმედ დაავადებულ პატიმრებს უწოდა „2020 წელს ქვეყანის დამანგრეველები", რომელთაც „გაქცევის დრო არ ჰქონდათ“.
ბელარუსი პოლიტოლოგი დიმიტრი ბოლკუნეცი, თავის მხრივ, თვლის, რომ ლუკაშენკომ უბრალოდ „მიიღო ულტიმატუმი“ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ბელარუს–პოლონეთის საზღვარზე "მიგრაციის ომის" დასრულების შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის წინ, რომელიც 3 ივლისს ასტანაში გაიმართა და რომელზეც, ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ ბელარუსი შეუერთდება გაერთიანებას.
2020 წლის აგვისტოში ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოცხადდა. მომიტინგეები მის გადადგომას და ახალ არჩევნებს ითხოვდნენ.
უფლებადამცველების თქმით, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს, ხოლო 30 ათასზე მეტი ბელარუსი დაექვემდებარა რეპრესიებს და წამებას.
ქვეყნის ხელისუფლებამ ოპონენტების წინააღმდეგ ასობით სისხლის სამართლის საქმე გახსნა, ასობით ადამიანს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს, მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა. სწორედ მასობრივი რეპრესიებით ჩაახშეს ქუჩის პროტესტი.
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია Viasna-ს მონაცემებით, 2024 წლის მაისის ბოლოს, სულ მცირე 254 პოლიტპატიმრის შესახებ იყო ცნობილი, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ შორის 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, 91 – მძიმე მდგომარეობაში, 65 60 წელს გადაცილებულია - ბევრ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ასევე ფსიქიკური აშლილობის მქონე 10 ადამიანია.
სიმსივნით დაავადებული ერთ-ერთი პოლიტპატიმარი 29 წლის პაველ კუჩინსკია, რომელსაც კიბოს მეოთხე სტადია აქვს. ამის მიუხედავად, ინტერნეტში კომენტარის გამო მას 4 წელი და 9 თვე მიუსაჯეს მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში. ონკოლოგიური დაავადება ასევე დაუდგინდა 61 წლის გალინა დერბიშს, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.