
უკრაინაში ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ
03/07/2024 09:56:52 საზოგადოება
უკრაინელი მეღვინეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან კორპორაცია "უკრვინპრომ"–ში, კიევისგან ითხოვენ სანქციების დაწესებას ღვინისა და კონიაკის მწარმოებლების წინააღმდეგ საქართველოდან და სომხეთიდან, რომელთა პროდუქცია, მათი თქმით, კვლავ იყიდება რუსეთის ფედერაციაში, ისევე როგორც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. ამის შესახებ საუბარია სტატიაში სათაურით, „უკრაინამ ტემპერატურა აწია. ქართველი და სომეხი მეღვინეების წინააღმდეგ სანქციები მზადდება“.
"უკრვინპრომ"–მა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს უკვე მიმართა სანქციების დაწესების წინადადებით.
ქართულ კომპანიებს შორის, რომელთა მიმართაც არის სანქციები შეთავაზებული, არიან: "ძმები ასკანელები", "ადამარი", "ქართული ღვინის სახლი", "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", "ტიფლისის ღვინის მარანი" და "სარაჯიშვილი".
თუ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას დაამტკიცებს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო სანქციების პოლიტიკის განსახორციელებლად, საბაჟო არ შეუშვებს პროდუქციას უკრაინაში, – თქვა „უკრვინპრომის“ გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კუჩერენკომ.
მისი თქმით, საუბარი არ არის ქართული და სომხური ღვინისა და კონიაკის სრულ აკრძალვაზე.
„მოვუწოდებთ, აიკრძალოს პროდუქციის წვდომა მხოლოდ მწარმოებლების იმ ნაწილისთვის, რომლებიც ცდილობენ „ორ სკამზე ჯდომას“ რუსეთის ბაზარზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროდუქციის გაყიდვით, იმავდროულად უკრაინის ბაზარზე დარჩენით. ეს პირველ რიგში, მათ ეხებათ, რომლებსაც რუსი მფლობელები ჰყავთ“, - დასძინა „უკრვინპრომის“ გენერალურმა დირექტორმა.
ასოციაციის წერილში ნათქვამია, რომ რამდენიმე ქართული ღვინის ქარხნის მეწილეები არიან მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და შემომწირველები. მათ შორის არიან ზურაბ ჩხაიძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ზაალ დუგლაძე, ზაზა კიკაბიძე და ნანა მენაბდიშვილი.
„ყველა ეს კომპანია თითქმის ერთდროულად იღებდა გიგანტურ შეკვეთებს უმსხვილესი რუსული საცალო ქსელებიდან“, - ნათქვამია წერილში.
„უკრვინპრომმა“ გამოთვალა, რომ სანქციების შემოღების შემდეგ მზა ღვინის პროდუქციის ბაზარზე დაახლოებით 15% გათავისუფლდება. ამ ხარვეზის ანაზღაურება უკრაინელ მწარმოებლებს შეუძლიათ, რომლებმაც ომის გამო დაკარგეს ვენახების მნიშვნელოვანი ფართობები და წარმოების მოცულობა. იგივე ეხება კონიაკის მწარმოებლებსაც.
მანამდე უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) უკრაინულმა პორტალმა - „War & Sanctions“ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა კომპანია „Bolero & Company“, რომლის ბენეფიციარი მფლობელია კარიჭაშვილი ვახტანგი. მას აქვს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა, არის მინიმუმ 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი, ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, როგორც პორტალზეა მითითებული: