
რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი: საქართველოში არ შემომიშვეს
03/07/2024 15:28:22 საზოგადოება
რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი აცხადებს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა იგი საქართველოში ქვეყანაში არ შეუშვეს.
"საქართველოში არ შემიშვეს ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს. მესაზღვრეებს ჩემი პასპორტის დანახვაზე თვალები დაუმრგვალდათ, შემდეგ მორიგეებში უფროსმა მონიტორს დაბღვერით შეხედა და რაციაში გადალაპარაკების შემდეგ გავიდა. მთხოვა დავლოდებოდი. ორი საათის განმავლობაში სხვადასხვაფერი პასპორტებით ბევრმა ადამიანმა ჩამიარა, შემდეგ მიხმეს, გადმომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით „უარის მიზეზი: "სხვა მიზეზები", – წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველო „მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა“
„ოცჯერ მაინც ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. ხელს ვართმევდი ხალხს, ვუყურებდი თვალებში და ვეხვეოდი მათ. რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს საქართველოს ტერიტორიის 20-ზე მეტი პროცენტის ოკუპაციით და ახალი მიწების მოკბეჩით მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში - საშინელებაა... ქართველები და საქართველო უკვე მარადიულად ჩემს გულშია, მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით“,- წერს აქტივისტი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს არაერთხელ უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე. უმეტეს შემთხვევაში, მიზეზის განუმარტებლად.