პრემიერი:  მინდა, მივულოცო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა

03-07-2024 21:39:47 ციტატა

„მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მე არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა, ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, ჩვენ ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას. მე ასე მჯერა. ეს სჭირდება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე საქართველოს, ორივეს თანაბრად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ–ის საელჩოში განუცხადა, სადაც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები