
ბაიდენი არ აპირებს, უარი განაცხადოს პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრაზე
04/07/2024 06:39:09 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს, უარი განაცხადოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. Reuters-ის ინფორმაციით, ბაიდენმა თავისი პოზიცია გააცნო შტაბის წარმომადგენლებს, დემოკრატ კანონმდებლებსა და გუბერნატორებს.
Reuters-ის ორი ინფორმირებული წყაროს თანახმად, 3 ივლისს ჯო ბაიდენმა თავისი საარჩევნო შტაბის თანამშრომლებთან სატელეფონო საუბარი გამართა და გაუგზავნა ელექტრონული წერილებიც იმის შესახებ, რომ არსად წასვლას არ აპირებს და საარჩევნო მარათონში ბოლომდე დარჩება. იმავე დღეს ბაიდენი შეხვდა დემოკრატ გუბერნატორებს, რათა დაერწმუნებინა, რომ წარუმატებელი დებატების მიუხედავად, სიტუაციას უმკლავდება. ამ შეხვედრის შემდეგ, ნიუ-იორკის, მინესოტის და მერილენდის გუბერნატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ჯო ბაიდენს კვლავაც მხარს უჭერენ.
ცნობები, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურის მოხსნაზე ფიქრობს, არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.