Accentnews.ge
რეზინის კურდღლებზე მონადირეები

რეზინის კურდღლებზე მონადირეები

29/05/2019 12:21:36 თვალსაზრისი, ანალიზი

ბოლო პერიოდში საქართველოში სერიოზული ვნებათაღელვაა დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილის ირგვლივ, რომელზეც პრეტენზიას მეზობელი აზერბაიჯანი აცხადებს. თუმცა ახლა დავით–გარეჯზე საუბარს არ ვაპირებ, მხოლოდ ორ სიტყვას ვიტყვი თავად სიტუაციის შესახებ: ვთვლი, რომ ორივე მხარე – როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი უნდა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელიც ამასწინანდელ ესკალაციამდე არსებობდა; თუ საკითხს ვერ წყვეტთ, სჯობს, დააკონსერვოთ იგი იმგვარად, რომ აღარავინ გაიხსენოს. ეს შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება.

ახლა - რაც შეეხება ჩემი საუბრის ძირითად თემას. გარეჯის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა თვალნათლივ წარმოაჩინა, რაოდენ ადვილია საქართველოში ისტერიკის, თავდავიწყებული წყევლისა და კოცონის ირგვლივ რიტუალური ცეკვის ტალღის გამოწვევა. როცა ირგვლივ სრული სიმშვიდეა, სოციალურ ქსელებში ჩამი–ჩუმი არ ისმის, უცებ, არსაიდან ვიღაც რაღაც თემას შემოაგდებს და იწყება სრული ვაქჰანალია.

პირველი, რაც თვალში გეცემა, ემოციების კორიანტელია, რომელიც ყველა გონივრულ ზღვარს სცდება. ქართველებს ზოგადად ძალიან უყვართ, იხმაურონ, იდავონ, ირგვლივ ყველა ლანძღონ, ხელები იქნიონ და ამისათვის სულ მცირედია საკმარისი – რომელიმე იმგვარი თემის შემოგდება, რომელსაც ეპითეტად იმპორტულ სიტყვა „სენსიტიურს“ ურთავენ ხოლმე, ანუ, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, მგრძნობიარეს.

ქვეყანა, რომელშიც არ არსებობს ეკონომიკა, დაკარგულია ორი ტერიტორია, მოსახლეობა თავქუდმოგლეჯილი გარბის უცხოეთში და ეს ყველას ფეხებზე ჰკიდია, უცებ დემონებით შეპყრობილად იქცევა, როგორც კი საუბარი იწყება „წმინდა ძროხებზე“ და ჩვენს დიდებულ ისტორიაზე. მაინც რა ხალხია: რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ აჯანყდნენ და ისიც – მაშინ, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია ჩამოერთვა, ახლა კი საკმარისია, ვინმემ რაიმე სენსიტიური, ეროვნულ–რელიგიური შემოგვიგდოს – და ქვეყანას მყისვე ემართება კოლექტიური ეპილეპტიკურ შეტევა.

რას აღარ წერენ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში საქართველოს მიმართ მეგობრულ მეზობელ სახელმწიფოზე, რა ეპითეტებით აღარ ამკობენ, სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ და დასჯის ყველა შესაძლო მეთოდით ემუქრებიან. არა, მე, რა თქმა უნდა, ყველაფერი მესმის: ადამიანები შეიძლება, უკმაყოფილონი იყვნენ, ამისთვის მიზეზები არსებობს, მაგრამ მაღიზიანებს მეტისმეტად აგრესიული რეაქცია თემაზე, რომელიც პირიქით, სიმშვიდესა და კაბინეტურ სიწყნარეს მოითხოვს. ბოლოს და ბოლოს, ხომ გვაქვს ისტორიული გამოცდილება იმისა, რომ ისტერიკა და აყალმაყალი, რომლის დროსაც ადამიანები სიტყვებს ვეღარ აკონტროლებენ, მოჩხუბრებს ყველაზე ძვირად უჯდებათ!.

და ეს მოქალაქეების იგივე კატეგორიაა, რომელიც 1980–იანი წლების ბოლოს პირზე დუჟმომდგარი გაჰკიოდა: „არ არსებობენ არანაირი აფხაზები, ისინი ყველანი მთებიდან ჩამოვიდნენ და იქვე უნდა დაბრუნდნენო“, „საერთოდ რომელ ხალხზეა საუბარი? ერთ სტადიონზე მეტნი არ არიანო“, „ყველანი უნდა გავყაროთ უკან, ჩრდილოეთ კავკასიაშიო“...

ერთი დამახასიათებელი რამ: როდესაც რეალური ომი დაიწყო, სულ სხვანი ომობდნენ – მაგალითად, ჩემი სოხუმელი თანასკოლელები, რომლებიც არსად და არავის ყრიდნენ, არავის ლანძღავდნენ და იაფფასიანი გაზეთების ფურცლებზე (იმ პერიოდში სოცქსელები არ არსებობდა)  შხამს არ ანთხევდნენ. მაგრამ რას საქმიანობდნენ ამასობაში ის ამხანაგები, რომლებიც ყველას "დაფქვასა და სტრატოსფეროში გაშვებას" გვპირდებოდნენ? – არაფერსაც, სავარძლებში მსხდომნი ისევ აგრძელებდნენ წარმოსახვით მასობრივ გენოციდს!..

წარმოიდგინეთ, თითქმის 30 წელი გავიდა და „ტრადიციული ქართველების“ ამ კატეგორიისთვის არაფერი შეცვლილა. „გამოვუცხადოთ ომი აზერბაიჯანს – მას მიწები ჰმართებს... გამოვუცხადოთ ომი თურქეთს – მან ტერიტორიები წაგვართვა... ამოვწყვიტოთ სომხები, გზა გადავუკეტოთ და დაწყდნენ შიმშილით – მათაც ჰმართებთ მიწებიო!“ ...

აი, ვუყურებ და ვფიქრობ: ბიჭებო, ამდენი ჭინთვით თიაქარი არ დაგემართოთ – ყველა მეზობელთან ომს აიტანთ? - ამას ჰიტლერის გერმანიამაც კი ვერ გაუძლო და იქ გერმანელები იყვნენ – თქვენნაირი უსაქმურები კი არა! თუმცა გასაგებია, ომის გამოცხადების ინიციატორთა შორის ხომ რეალურ ბრძოლაში ჩაბმას არავინ აპირებს – "მოდი, დანარჩენებმა, მიამიტებმა გასწირონ თავი სულიერი ღირებულებებისთვისო"...

ყველას მიმართ მსგავსი მასობრივი სიძულვილის გამოვლინებები პერმანენტულად აზანზარებს სოციალურ ქსელებს, „სენსიტიური მიზეზები“ ხომ საკმარისზე მეტია. ხშირად მათ უბრალოდ იგონებენ,  თუმცა ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ზღვარგადასულ ბოდვას ბევრი თვალდახუჭული იჯერებს, რეპოსტებს აკეთებს და კივის, ილანძღება, იგინება, საბოლოოდ კი „წარმატებით ასრულებს ომებს", "აძევებს " მთელს ერებს, "ანადგურებს" მთელ რელიგიურ მიმდინარეობებს...

„ჰოლანდიაში ინცესტი დააკანონეს!“ – წერს ნაგვის ერთ–ერთი ქართული საიტი... წამით მაინც რომ ჩავუღრმავდეთ, ეს არის „სიახლე“ არაფრის შესახებ, ვინაიდან ჰოლანდიაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ინცესტი სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება, თუ არასრულწლოვანებზე და ძალადობრივ მოქმედებაზე არ არის საუბარი. თუმცა რეალობა ვის აინტერესებს?! - ამ „ნიუსის“ ქვეშ კომენტარების, რეპოსტებისა და „ლაიქების“ უზარმაზარი წყებაა. „შეხედე ამ არამზადებს, ლიბერასტებს, ყველანი ცოცხლად უნდა დაწვა!“, „არა, მარტო ცოცხლად დაწვა არ კმარა – ჯერ ჯვარზე უნდა გააკრა, შემდეგ ნელ ცეცხლზე მოხარშო, რომ წამება გაახანგრძლივო“... 

ყოველდღიურად უამრავ ასეთ „ფეიქს“ ვხვდები და კომენტატორები თითქმის არასოდეს ინტერესდებიან, საერთოდ რა საიტია მისი გამავრცელებელი, ვინ არის ავტორი და სიმართლეა თუ არა, რომ "დღეიდან ნორვეგიაში ყველა მამაკაცისთვის ძაღლთან სავალდებულო ქორწინება შემოიღეს"? პირდაპირ გასაკვირია, როგორ ატანენ ქარს ესოდენ გიგანტურ ენერგიას სრულიად იდიოტური, ხშირად გამოგონილი მიზეზებით...

„ირანელი ტურისტები ამბობენ, რომ საქართველო მათი ტერიტორიაა ... თურქულ პრესაში იბეჭდება რუქები, რომელზეც საქართველო თურქეთის ტერიტორიის ნაწილადაა გამოსახული ... არაბი გიდები ტურისტებს უყვებიან, რომ საქართველო ირანის ყოფილი კოლონიაა“... - და წავიდა კომენტარები: „გავყაროთ ყველა, დავხვრიტოთ ადგილზე, მაგრამ არა, ჯერ ჯვარზე გავაკრათ...“.

არავის მოსდის თავში, ჰკითხოს „პოსტის“ ავტორს, თქვენ რა, ისე კარგად იცით ფარსი, რომ დიდი მანძილიდანაც არკვევთ, რაზე მიდის საუბარი? თუმცა საქმის რეალურ ვითარებას არც აქ აქვს მნიშვნელობა: ჰოლანდიელები, რომლებსაც დები მოჰყავთ ცოლად; ნორვეგიელები, რომლებიც ოჯახებს ძაღლებთან ქმნიან; გეები, რომლებსაც მშობიარე ქალების პლაცენტიდან ღეროვანი უჯრედები ამოაქვთ, რათა გეების კლონირება მოახდინონ (!!!); უცხოელები, რომლებსაც ქართული მიწა კონტეინერებით უცხოეთში გააქვთ; აფრიკელები, რომლებიც საკუთარი ცოდვების გამო გაშავდნენ და იაპონელები, რომლებსაც ღმერთმა ამორალურობა და მიწისძვრები გამოუგზავნა“.  – მთელი ეს ბოდვა სოციალური ქსელების გვერდებზე ინთხევა, ტირაჟირდება და წავიდა ლანძღვა–გინება...

ამ ვითარებაში „ტრადიციული ქართველები“ რბოლებში მონაწილე ძაღლებს მაგონებენ: წინ სპეციალური მექანიზმით უშვებენ რეზინის კურდღელს, რათა ცხოველებში დევნის ინსტინქტი გამოიწვიონ. ძაღლებიც მირბიან, მირბიან... ვერც კი აცნობიერებენ, რაოდენ უსარგებლო და უმიზნოა ეს რბოლა: რეზინის კურდღელს ხომ იმისთვის არ უჩვენებენ, რომ მისი დაჭერა შეძლონ. ასე არიან საბჭოელი ქართველებიც: რეზინის ერთ კურდღელს მეორეთი უცვლიან, რათა მათი ყურადღება მიიზიდონ და ვერ ხვდებიან, რომ რეზინის კურდღლების დევნაში ყველაზე მთავარი რჩებათ ყურადღების მიღმა...

თენგიზ აბლოთია

უბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S