
უკრაინის პრეზიდენტის პრეს–მდივანი: ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუს არ მისცემს
04/07/2024 09:52:04 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს ინტერვიუს არ მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრეს–მდივანი სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.
„ბატონმა ტაკერ კარლსონმა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში თავისი წყაროები უფრო ყურადღებით უნდა გადაამოწმოს. უკრაინის პრეზიდენტს სულ სხვა განრიგი აქვს, ტაკერ კარლსონი კი იქ არ არის“, - განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
მანამდე, ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერდა.
ტაკერ კარლსონმა 2024 წლის თებერვალში ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელმაც ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი პროპაგანდისთვის.
ტაკერ კარლსონი წლების მანძილზე აშშ-ის უმსხვილესი ტელეარხის, Fox News-ის წამყვანი იყო. 2016-2023 წლებში საავტორო გადაცემა მიჰყავდა. ამ ხნის განმავლობაში ის ხშირად ავრცელებდა შეთქმულების თეორიებს, რომელსაც ამერიკაში ბევრი რასისტულად თვლის. იგი ასევე ამართლებდა 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმას აშშ-ს კაპიტოლიუმზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა. Fox News-მა კარლსონი შარშან აპრილში დაითხოვა, მიზეზის განუმარტავად. ამერიკაში ბევრს სჯერა, რომ მიზეზი სასამართლო დავაა, რომელიც არხს ამერიკულ კომპანია “დომინიონთან” ჰქონდა. სწორედ “დომინიონის” მიერ წარმოებულ ხმის დამთვლელ მანქანებს იყენებდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტაკერ კარლსონი და მისი გადაცემის სტუმრები კი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ განგებ გააყალბა ხმები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ. ეს სასამართლო დავა FOX-ს 787 მილიონი დოლარი დაუჯდა.