
რატომ ძვირდება ხილი და ბოსტნეული?
04/07/2024 13:03:58 ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 2.2%-მდე გაიზარდა, რაც 2024 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სურსათის ფასების 1.9%-ით გაძვირებამ, ასევე ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 11%-იანმა მატებამ. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით, ფასების წლიური ცვლილება ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5%), პური და პურპროდუქტები (-3%), თევზეული (-1.9%);
მათ შორის, საყურადღებოა ხილის და ბოსტნეულის ჯგუფი: სეზონზე პროდუქცია თითქოს დეფიციტური არ უნდა იყოს, თუმცა ფასები მზარდია. მაგალითად:
- მწვანილი ინისში 58%–ით გაძვირდა,
- ჭარხალი – 51%–ით,
- ნიორი – 38%–ით,
- საზამთრო – 48%–ით,
- ვაშლი – 45%–ით,
- კივი – 37%–ით,
- ატამი – 32%–ით.
სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ფასზე გავლენას ახდენს ტრანსპორტირების ხარჯი, აგროსამეწარმეო საშუალებების ფასების ზრდა.
როგორც ხილის და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ფასების ზრდის ერთ–ერთი ფაქტორი ის გახლავთ, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზარს ვერ აკმაყოფილებს, მოთხოვნა კი მაღალია. ერთ–ერთი ფაქტორია მუშახელის დეფიციტიც.
ამასთან, სპეციალისტები მიუთითებენ, რომ გამოწვევად რჩება არასწორი პოლიტიკა, მაგალითად სუბსიდირების პროგრამა, რომელსაც ერთჯერადი ეფექტი აქვს და ფერმერებისთვის რეალურად არაფერს ცვლის.
ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება სტიქიური მოვლენები – სეტყვა და გვალვა.
„ხედავთ, რომ გახშირებულია სეტყა, საკმაოდ დიდი რაოდენობა [მოსავლის] დააზიანა. როდესაც მოთხოვნა მარალია, ფაციც გადამწყვეტ როლს თამაშობს“,– ამბობს ფერმერი, დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენელი ივა ჭყონია და დასძენს, რომ ეს გარეოება მუშახელის დეფიციტთან და სპეციალური პრეპარატების ფასების ზრდასთან ერთად პირდაპირპროპორციულად ნეგატიურად აისახება პროდუქციის ღირებულებაზე.
„ვწუხვარ, მაგრამ ეს წლების განმავლობაში პროგრესირებადი იქნება“,– ამბობს ჭყონია.
სექტორის წარმომადგენლების თქმით, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ფერმერებს მოსავალი უფუჭდებათ, დიდ ზარალს აწყდებიან, დამზღვევი მექანიზმები კი არ აქვთ. ამიტომ, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, რათა ფერმერს მოსავლის დაცვა შეეძლოს პოტენციური საფრთხისგან, იგივე უამინდობისგან, რის გამოც იკავებენ თავს, რაოდენობრივად ბევრი პროდუქციის მოყვანაზე და მეტი ინვესტიციის განხორციელებაზე.
სექტორის წარმომადგენლებს სამომავლოდ პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და მოელიდან, რომ ინფაციის წნეხის გათვალისწინებით, ფასები ეტაპობრივად გაიზრდება.