ბრიტანეთის ელჩი: რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება დაპაუზებულია

04-07-2024 20:06:24 პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბრიტანელი ინვესტორების მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება დაპაუზებულია საქართველოში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით. ამის შესახებ ელჩმა BMGtv-ის თან ისაუბრა.

მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„ზუსტად ვიცი, თუმცა დეტალებში ვერ შევალ, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ – ყველაზე რბილად რაც შეიძლება, ამ ეტაპზე ითქვას, ის არის, რომ ისინი დაპაუზებულია. არა მხოლოდ იმ რისკების გამო, რაც უკვე მოხდა, არამედ იმ რისკების გამოც, რაც შეიძლება ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვეს“, - თქვა ელჩმა.

წამყვანის კითხვაზე - რას ეკითხებიან მას ინვესტორები ან ბიზნესები, ვისაც საქართველოსთან ვაჭრობა სურს და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის საქმიანი ურთიერთობებისთვის დასავლური ღირებულებები, ელჩმა უპასუხა:

„ამ კითხვაზე პასუხი იცით, დიახ, ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია. ეს საკითხი თქვენს მთავრობასთანაც დავსვი. გაერთიანებული სამეფო საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ეს რიცხვები ცვალებადია, მაგრამ – ფაქტია, თქვენი უმსხვილესი ბანკები, კომპანიები ლონდონშია დალისტული, სხვა ბრიტანული ინვესტიციებიც არის ქვეყანაში – საინვესტიციო მხარეს საქართველოში მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვართ. ამ ბრიტანული კომპანიების ღირებულება ასეულ მილიონობით ფუნტით შემცირდა იმ მღელვარების და არასტაბილურობის ფონზე, რაც რუსულმა კანონმა მოუტანა საქართველოს. ყველაზე მეტად რაც აწუხებთ ინვესტორებს – ძალადობის და დაშინების ფაქტებია.

ჩვენ დავგმეთ ასეთი ქმედებები, მაგრამ ბრიტანელი ინვესტორები, ინსტიტუციური ინვესტორები უყურებენ, რა ხდება ქვეყანაში, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებენ და შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ. ყველა შთამბეჭდავი პერსპექტივის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ მცირე ზომის ბაზარია. მსხვილ ინვესტორებს არ ჰყავთ იმ ტიპის ბაზრის სპეციალისტები, რომლებიც ძირეულად შეისწავლიან საქართველოს – როგორც თქვენ იცით, როგორც მე გავიგე ამ 4 წლის მანძილზე – როგორ აფასებენ ისინი ინვესტირების შესაძლებლობებს? უყურებენ პოტენციურად საინტერესო კომპანიების ფინანსურ ინფორმაციას და შემდეგ, უყურებენ საერთაშორისო პრესას, „გარდიანს“, „ეკონომისტს“, დღეს საქართველო კარგად არ გამოიყურება საერთაშორისო მედიაში. ისინი კითხულობენ არასტაბილურობის, ძალადობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების შესახებ. შედეგად, ისინი უფრთხილდებიან თავიანთ ინვესტიციებს“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, "ფეხბურთს მიღმა, საქართველოს გაშუქება საერთაშორისო მედიაში პოზიტიური არ არის" და "ამას აქვს გავლენა":

ეს მე მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს მხარდამჭერს, როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მაწუხებს, როგორც გავლენა ბრიტანულ კომპანიებზე. ყველაზე მძიმე მთელ ამ ამბავში ის გარიგებებია, რომლებიც შეიძლება შემდგარიყო და არ შედგა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები