
"ლევადა": გამოკითხული რუსების 34% ეთანხმება უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას
05/07/2024 06:55:20 მსოფლიო
"ლევადა ცენტრის" ივნისის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხული რუსების მესამედზე მეტი მოიწონებდა უკრაინაზე ბირთვული დარტყმის განხორციელებას.
ამ გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 10% "აუცილებლად" უჭერს მხარს ბირთვული იარაღის გამოყენებას ომში, ხოლო კიდევ 24% მიიჩნევს, რომ ეს "საკმაოდ მიზანშეწონილია".
ცენტრი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სამხედრო გადაწყვეტის მხარდამჭერთა წილი გასული წლის განმავლობაში გაიზარდა 5 პროცენტული პუნქტით და რეკორდულად იქცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
ამასთან, უმრავლესობა კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგია - გამოკითხულთა 52%.
მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფიქრობს შესაძლო ცვლილებებზე ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში, რომელიც ამჟამად გულისხმობს ატომური იარაღის გამოყენებას მტრის მიერ ამგვარი ქმედებების საპასუხოდ, ისევე როგორც „სახელმწიფოს არსებობის საფრთხის შემთხვევაში“.
2016 წელს იური ლევადას არასამთავრობო კვლევითი ცენტრი, ანუ "ლევადა ცენტრი", რომელიც რეგულარულად ატარებს სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევებს, რუსეთის ხელისუფლებამ „უცხო აგენტად“ გამოაცხადა, რასაც ორგანიზაცია არ ეთანხმება. არაერთხელ აღინიშნა, რომ "ლევადა ცენტრის" კვლევების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურების გამოკითხვის შედეგებისგან.