
ბრიტანეთის მომავალი პრემიერი: უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება
05/07/2024 11:37:36 მსოფლიო
ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებული "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე კირ სტარმერი, რომელიც პრემიერის თანამდებობას დაიკავებს, აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.
სტარმერი და მისი პარტია აცხადებენ, რომ ისინი არ შეცვლიან წინამორბედი მთავრობას დამოკიდებულებას - დიპლომატიური და ფინანსური დახმარების კურსს უკრაინისადმი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ამ პოლიტიკის უწყვეტობას და მადლობა გადაუხადა კონსერვატორებს, ხოლო ლეიბორისტებს გამარჯვება მიულოცა.
ცნობისთვის: 4 ივლისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა – 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები.
ამავე მონაცემებით, "კონსერვატიულ პარტიას", რომელიც ქვეყანას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავდა, თემთა პალატაში 119 დეპუტატი ეყოლება. წინა არჩევნებთან შედარებით, კონსერვატორებმა 248 მანდატი დაკარგეს.
71 ადგილი ერგო "ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას"(+63), 9 – "შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას"(-38) და 7 – ირლანდიელების პარტია „შინ ფეინს“. კიდევ 28 მანდატი განაწილდება სხვა პარტიებზე. ამასთან, თემთა პალატის წევრი პირველად გახდა პოპულისტური „რეფორმების“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი.
ლეიბორისტების მიერ თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება ამ პარტიის ლიდერი კირ სტარმერი. იგი შეცვლის კონსერვატორ რიში სუნაკს, რომელიც პრემიერის პოსტს 2022 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა.
4 ივლისის არჩევნების შედეგად, რიში სუნაკი თემთა პალატის წევრი გახდა. მან იორკშირში, რიჩმონდის ოლქში გაიმარჯვა.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის არჩევნები 650 ერთმანდატიან ოლქში, ერთ ტურად ტარდება. უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 326 მანდატის მოპოვებაა საჭირო.