„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები უვადო გაფიცვას იწყებენ

05-07-2024 15:41:29 საზოგადოება

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისიდან უვადო გაფიცვას იწყებს.

ისინი “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.

მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად გაფიცვას 5000-მდე პირი შეუერთდება, მათ შორის იქნებიან აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორის“ პირველადი პროფესიული გაერთიანება - „ევო-კავშირის” წევრებიც.

„უკვე 2 წელია პროფკავშირი “ლაბორი” და მის შემადგენლობაში მყოფი “ევო-კავშირი”, რომელიც დაფუძნებულია “ევოლუშენში” დასაქმებულებისგან, აწარმოებს მოლაპარაკებებს ღირსეული შრომითი უფლებებისთვის “ევოლუშენ ჯორჯიაში”. ცნობილია “სქრინები”, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება იყო ამ მოლაპარაკებებში, რაც "სქრინებში" წაიკითხეთ",– თქვა “ლაბორის” თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ.

მისი თქმით, “ევოლუშენი” აპელირებენ, რომ ეს არის პირველი სამუშაო სივრცე, მაგრამ მისი თქმით, რეალურად სტუდენტების "ექსპლუატაციის სივრცეა".

ამიტომ, მისი თქმით, იწყება "უვადო, სრულმასშტაბიანი გაფიცვა ანაზღაურების გაზრდის და ღირსეული სამუშაო პირობებისთვის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე – "ვიდრე ამ ადამიანებს არ ექნებათ ღირსეული შრომითი უფლება, არ იქნება აკრძალული სექსისტური, რასისტული დისკრიმინაციული განცხადებები და მოპყრობები".

"ვითხოვთ, საზოგადოების მხარდაჭერას. „ევოლუშენში“ 8500-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად სტუდენტები არიან და არ უნდა იგრძნონ თავი შრომის ბაზარზე ექსპლუატირებულებად”, - ხაზგასმით აღნიშნა დიასამიძემ.

ონლაინ-მედია "მაუწყებლის" პლატფორმამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავდნენ, რომ „ევოლუშენ ჯორჯიას“ კომპანიის მენეჯერები დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას იჩენდნენ დასაქმებულებისადმი. აღნიშნული გამომდინარეობდა "მენეჯერების "ჩატის" მიმოწერებიდან", რომელიც “მაუწყებლის” ცნობით, მათ ანონიმურად მიაწოდეს.

აღნიშნულს გამოეხმაურა „ევოლუშენ ჯორჯიაც“. კომპანიის ცნობით, „დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და უმკაცრესი ზომები მიიღონ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები