
მეფე ჩარლზმა კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ოფიციალურად დანიშნა
05/07/2024 11:46:11 ევროპა
მეფე ჩარლზმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა.
მეფე ჩარლზსა და კირ სტარმერს შორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში შედგა.
კირ სტარმერი ბუკინგემის სასახლიდან დაუნინგ სთრითში გაემართება, საიდანაც საზოგადოებას მიმართავს.
მანამდე მან თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.
სტარმერი და მისი პარტია აცხადებენ, რომ ისინი არ შეცვლიან წინამორბედი მთავრობას დამოკიდებულებას - დიპლომატიური და ფინანსური დახმარების კურსს უკრაინისადმი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ამ პოლიტიკის უწყვეტობას და მადლობა გადაუხადა კონსერვატორებს, ხოლო ლეიბორისტებს გამარჯვება მიულოცა.
4 ივლისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა – 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები.
ამავე მონაცემებით, "კონსერვატიულ პარტიას", რომელიც ქვეყანას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავდა, თემთა პალატაში 119 დეპუტატი ეყოლება. წინა არჩევნებთან შედარებით, კონსერვატორებმა 248 მანდატი დაკარგეს.
71 ადგილი ერგო "ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას"(+63), 9 – "შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას"(-38) და 7 – ირლანდიელების პარტია „შინ ფეინს“. კიდევ 28 მანდატი განაწილდება სხვა პარტიებზე. ამასთან, თემთა პალატის წევრი პირველად გახდა პოპულისტური „რეფორმების“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი.
4 ივლისის არჩევნების შედეგად, უკვე ყოფილმა პრემიერმა რიში სუნაკი თემთა პალატის წევრი გახდა. მან იორკშირში, რიჩმონდის ოლქში გაიმარჯვა.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის არჩევნები 650 ერთმანდატიან ოლქში, ერთ ტურად ტარდება. უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 326 მანდატის მოპოვებაა საჭირო.