სანქცირებული უმსხვილესი რუსული სავაჭრო პლატფორმა საქართველოში სამუშაოდ პერსონალს ეძებს

05-07-2024 16:39:52 პოლიტიკა ,ეკონომიკა

უკრაინისა და პოლონეთის მიერ სანქცირებული უმსცვილესი რუსული მარკეტფლეისი "Wildberries" თბილისში სამუშაოდ პერსონალს ეძებს, - იუწყება Paper Kartuli.

ასე, მაგალითად, პორტალ HeadHunter-ზე გამოქვეყნებულია ვაკანსია HR-მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილად თბილისია მითითებული, მოთხოვნებს შორის კი ფიგურირებს საქართველოს სავაჭრო კანონმდებლობისა და რუსული ენის კარგი ცოდნა.

უკრაინამ "Wildberries"-ი 2021 წლის 23 ივლისს სამი წლის ვადით დაასანქცირა. სანქციები შეეხოთ, კერძოდ, სავაჭრო პლატფორმის ქვედანაყოფებს რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში.

შემოღებულია პერსონალური სანქციებიც სავაჭრო ქსელის დამფუძნებლის - ტატიანა ბაკალჩუკის, მისი მეუღლის ვლადისლავის, ასევე კომპანიის თანამშრომლების ანდრეი რევიაშკოსა და ალექსეი კუზმენკოს წინააღდეგ.

2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინულ სანქციებს პოლონეთიც შეუერთდა. როგორც მაშინ აღინიშნა, რუსული სავაჭრო ქსელი ირიბად მხარს უჭერს რუსულ აგრესიას და რუსეთის ბიუჯეტში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია.

მიმდინარე წლის მარტში კომპანიაში განაცხადეს, რომ გეგმავენ მუშაობის დაწყებას საქართველოში. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე სატესტო რეჟიმში შეკვეთების გაცემის პუნქტიც აამოქმედეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები