თავადაცვის სამინისტრო – აშშ–ის მიერ „ღირსეული პარტნიორის" გადადებაზე: "დასანანია, სწავლება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას"

05-07-2024 19:12:08 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ–ის მიერ „ღირსეული პარტნიორის" გადადების ფაქტს "დასანანს" უწოდებს.

როგორც თავდაცვის უწყება აცხადებს, "სწავლება ხელს უწყობს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას"

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს.

სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწავლება საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

"აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო და „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომლის თანახმად, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას. შეერთებული შტატების მთავრობამ დაადგინა, რომ საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ახლა შეუფერებელი დროა.

შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.

ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს ანიჭებენ. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს, მათ შორის წვრთნების AGILE SPIRIT ჩატარებას", – ნათქვამია განცხადებაში.

Новости

Другие новости