"ლელო": "ღირსეული პარტნიორი" ატარებდა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ დატვირთვას, მისი გაუქმება უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას

05-07-2024 22:33:58 პოლიტიკა

ოპოზიციაში აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადების ფაქტს ეხმიანებიან.

როგორც პარტია "ლელოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ღირსეული პარტნიორი" ატარებდა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ დატვირთვას, მისი გაუქმება უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

"მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის" განუსაზღვრელი დროით შეჩერება ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების კომპლექსური გადახედვა დაიწყო, რაც მოსალოდნელი იყო. ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციების პირველ რაუნდს ურთიერთობების გადახედვა მოჰყვებოდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. შედეგად, დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით, როდესაც სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ფორმატი „განუსაზღვრელი ვადით" გაუქმდა.

ამ პროგრამის გაუქმება უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

"ღირსეული პარტნიორი" ატარებდა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ დატვირთვას. ზაფხულის პერიოდში, როდესაც რუსეთიდან მომავალი საფრთხეები ტრადიციულად გაზრდილია ხოლმე, ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყოფნა და მათი მონაწილეობით ჩატარებული წვრთნები აგრესიის შეკავების ინსტრუმენტს წარმოადგენდა. „ქართული ოცნების“ წყალობით, ჩვენ ეს ინსტრუმენტი განუსაზღვრელი დროით დავკარგეთ.

მაშინ, როდესაც აშშ-მა საქართველოს ღიად შესთავაზა ურთიერთობების გაღრმავება რუსული კანონის ჩაგდების სანაცვლოდ, რაც მოიცავდა უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასა და ახალ შესაძლებლობებს ქართველი სტუდენტებისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ამჯობინა ჩინეთთან ბუნდოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, თეირანში „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა და რუსული კანონის მიღება. ეს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა მოექცეს რუსულ ორბიტაზე, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და შედეგად იყოს სრულიად დაუცველი რუსული საფრთხისაგან.

ამიტომ, 26 ოქტომბერს საქართველომ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც იქნება საქართველოს სამსახურში, გააძლიერებს ქართულ ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენს ჯარს და ინსტიტუტებს და გაამყარებს კავშირებს ყველა ძირითად პარტნიორთან, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა თქვა პენტაგონმა

აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო, – იუწყება პენტაგონი.

როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწავლება საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

"აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო და „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომლის თანახმად, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას. შეერთებული შტატების მთავრობამ დაადგინა, რომ საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ახლა შეუფერებელი დროა.

შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.

ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს ანიჭებენ. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს, მათ შორის წვრთნების AGILE SPIRIT ჩატარებას", – ნათქვამია განცხადებაში.

რა თქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ–ის მიერ „ღირსეული პარტნიორის" გადადების ფაქტს "დასანანს" უწოდებს.

როგორც თავდაცვის უწყება აცხადებს, "სწავლება ხელს უწყობს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას"

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს.

სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები