
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა
08/07/2024 04:42:05 მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ულტრამემარჯვენეები მეორე ტურის შედეგად მესამე ადგლზე აღმოჩნდნენ. წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არც ერთ პარტიას არ აქვს.
კერძოდ, ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტია“, რომელსაც 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 182 დეპუტატი ეყოლება. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია - 168 მანდატი. მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანებაა“ – 143 მანდატი.
7 ივლისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, პარლამენტში 45 დეპუტატი ეყოლება "რესპუბლიკურ პარტიას". დანარჩენი მანდატები დამოუკიდებელ კანდიდატებს და პატარა პარტიებს შორის განაწილდა. ამომრჩეველთა აქტივობა 66,63% იყო.
მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო მანდატები(289) ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მიიღო.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებთან ცენტრისტული კოალიციის დამარცხებას მოჰყვა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება ეროვნული პარლამენტის დათხოვნის შესახებ.
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 30 ივნისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატებმა მიიღეს. მეორე ადგილზე იყო მემარცხენეთა ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ და მესამეზე პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია „ერთად".