
ორბანი კიევის და მოსკოვის შემდეგ პეკინში ჩავიდა
08/07/2024 05:06:11 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზანი აქვს, ჩინეთში ჩავიდა.
დღეს სოციალურ ქსელ X-ში ორბანის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პეკინის აეროპორტში გადაღებული ფოტო, მოკლე წინადადებით: „სამშვიდობო მისია 3.0“. პეკინამდე ორბანი კიევსა და მოსკოვში იმყოფებოდა.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია დეტალების დაკონკრეტების გარეშე იუწყება, რომ პეკინის სახელმწიფო რეზიდენციაში უკვე გაიმართა ჩინეთის მეთაურ სი ძინპინის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრა.
ორბანი კიევში 2 ივლისს ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება. კიევმა ეს წინადადება უარყო.
5 ივლისს ორბანმა მოსკოვის კრემლში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა.