
„გლოვოს“ კურიერის დაჭრის ფაქტზე ბრალი ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგინეს ორი მუხლით
08/07/2024 14:51:04 სამართალი
საქართველოს პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა–ტარებას ედავებიან.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.
მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე." – აცხადებს პროკურატურა.
შემთხვევა ნუცუბიძეზე 2 დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი იმას მოჰყვა, რომ შეკვეთას ლუდი აკლდა. სიგუა მისამართზე მიბრუნდა, რა დროსაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, შემდეგ კი ფიზიკური.
„შეკვეთა რომ აიტანეს, გადაამოწმეს, აკლდა ერთი ბოთლი ლუდი. ამაზე გაღიზიანდნენ, დაურეკეს ჩემს ქმარს, რომელიც ჯერ ისევ იმ ტერიტორიაზე იყო.
გასაგებია, რომ დამკვეთს პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ კურიერი რა შუაშია. ჩემმა ქმარმა შეფუთული შეკვეთა მიიტანა, უხსნიდა მათ, რომ დანაკლისის ამბავი „გლოვოსთან“ და იმ ობიექტთან უნდა გაერკვიათ, საიდანაც შეკვეთა წამოიღო, მაგრამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოლოს ერთ-ერთმა ოთხი ტყვია ესროლა“,– ყვება დაზარალებულის ცოლი.
ნინო კირეულიშვილი ამბობს, რომ „გარჩევაში“ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა: „ჩემი ინფორმაციით, იყო ოთხი კაცი, მათთან ერთად იყო რამდენიმე ქალიც“.
32 წლის თემო სიგუა თავდამსხმელებს საკუთარი „მოპედით“ გაექცა. სახლამდე, ბაგების სტუდქალაქამდე მივიდა და გონება იქ დაკარგა.
დაჭრილი და ნაცემი "გლოვოს" კურიერი კლინიკაში რჩება. სიგუას გუშინ 3 ოპერაცია ჩაუტარდა, ამ ეტაპზე ფეხის თითების ამპუტაციის რისკი გამოირიცხა.