
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: რუსული დარტყმის შემდეგ ბავშთა საავადმყოფო დენის, ჟანგბადისა და წყლის მარაგის გარეშე დარჩა
08/07/2024 15:02:26 მსოფლიო
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო აცხადებს, რომ რუსული დარტყმის შემდეგ კიევში მდებარე ბავშთა საავადმყოფო "ოხმადეტი" ელექტროენერგიის, ჟანგბადისა და წყლის მარაგის გარეშე დარჩა.
მისი თქმით, პაციენტების ნაწილი უკვე ევაკუირებულია, დანარჩენების ევაკუაცია კი მიმდინარეობს.
- "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პანიკაში არ ჩავვარდეთ და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ეს საშინელი ტერორისტული აქტია და მე ცრემლი მომდის, როცა ვხედავ, რამდენი რიგითი მოქალაქე მოვიდა ჩვენ დასახმარებლად”, - განუცხადა ლიაშკომ შემთხვევის ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ თავდასხმის დროს საავადმყოფოში 3 ოპერაცია ტარდებოდა.
დღეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 29 არის. კიევის გარდა, რუსეთის სამიზნე გახდა ქალაქები: პოკროვსკი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი და კრამატორსკი.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა კიევში მდებარე ბავშვთა კლინიკის "ოხმადეტი" შენობასაც დაარტყეს.
- "ოხმადეტი" ათასობით ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ახლა საავადმყოფო რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა და ნანგრევების ქვეშ ხალხია. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია. ნანგრევების გაწმენდაში ახლა ყველა გვეხმარება – ექიმებიც და რიგითი მოქალაქეებიც", – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
The Financial Times–ის ცნობით, "ოხმადეტი" უკრაინის ყველაზე დიდი ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაა, ის არის ბავშვთა კიბოს მკურნალობის წამყვანი ცენტრი ქვეყანაში.
საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმა მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო.
/მთავარი ფოტო – Reuters