
რუსეთმა ფინური რუსულენოვანთა საზოგადოება არასასურველად გამოაცხადა
08/07/2024 16:08:06 მსოფლიო
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა „ფინეთის რუსულენოვანი დემოკრატიული საზოგადოება“. ეს არის მცირე საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს.
საზოგადოების გვერდს "ფეისბუქზე" დაახლოებით 900 მიმდევარი ჰყავს. საზოგადოების აქტივისტები მხარს უჭერენ ომის საწინააღმდეგო და დემოკრატიულ ინიციატივებს რუსეთში და ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებსა და რუსებს, რომლებიც ფინეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებენ.
საზოგადოების უახლეს ინიციატივებს შორის არის თანხების შეგროვება ავტობუსისთვის ხარკოვიდან ლტოლვილების ევაკუაციისთვის, საღამო რუსი პოლიტპატიმრებისთვის წერილების მიწერით და რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ხსოვნის საღამო.
ე.წ არასასურველი ორგანიზაციების სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ მასში 160-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია და მედია შეიყვანა. რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.