
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
08/07/2024 17:56:32 მსოფლიო
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით დაიღუპა 33 ადამიანი, მათგან 22 კიევში, 11 დნეპროპეტროვსკის ოლქში.
სარაკეტო დარტყმების შედეგად 140 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კიევში 74, 2 კიევის ოლქში და 64 დნეპროპეტროვსკის ოლქში.
მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევში დაბომბეს ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ ვიქტორ ლიაშკოს ცნობით, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა "ოჰმატდეტის" ბავშვთა საავადმყოფოს ხუთი განყოფილება და ბავშვთა კარდიოქირურგიის ცენტრის ერთი შენობა. საავადმყოფოს დარჩენილ ნაწილს ამჟამად არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი და არ აქვთ ჟანგბადი:
„მთლიანად დაინგრა ტოქსიკოლოგიის განყოფილება, სადაც ბავშვები იყვნენ დიალიზზე. მთავარი ამოცანა ონკოჰემატოლოგიის შენობიდან ევაკუაციაა. ეტაპობრივად გადაგვყავს სხვა საავადმყოფოებში, რადგან არ არის შუქი, არ არის ჟანგბადი და არ არის წყალმომარაგება“.
როგორც მინისტრი ამბობს, კარდიოქირურგიის ცენტრის დირექტორმა უთხრა, რომ დაბომბვის დროს გულის სამი ოპერაცია მიმდინარეობდა. პაციენტებმა კი ნამსხვრევებისგან გულმკერდის ღრუს დაზიანებები მიიღეს:
"ახლა მეორე საავადმყოფოს ბაზაზე ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ იმ ჩვილების სიცოცხლე, რომლებსაც კარდიოქირურგიის ცენტრში ოპერაციას უკეთებდნენ".