
ზელენსკი: ორბანი ვერ იქნება შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის
08/07/2024 19:04:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვერ იქნება შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის.
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზება შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ ქვეყნებს - მათ, ვისი შეიარაღებული ძალებიც რუსეთისას აღემატება.
"არის ასეთი ქვეყნები მსოფლიოში? ბევრი არა. ვთვლი, რომ ასეთებია აშშ და ჩინეთი. და ევროკავშირი - არა ერთი ქვეყანა, არამედ მთლიანი ევროკავშირი. ეს რეალურად იქნებოდა საშუამავლო მისია" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კიევი კვლავ ღიაა სხვა ქვეყნების წინადადებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გზა მშვიდობისკენ, მაგრამ ეს წინადებები შესაბამისობაში უნდა იყოს უკრაინის ხედვასთან, კონკრეტულად 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ყველა სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი.
კიევსა და მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ორბანი ჩინეთში გაემგზავრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისთვის 5 ივლისს მიწერილ წერილში ორბანი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან თავისი შეხვედრიდან გამომდინარე ახლა არის "უფრო დიდი შესაძლებლობა დადებითად იყოს აღქმული ყველა შესაძლო წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე და საგზაო რუკაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ".
თუმცა ევროპის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ კარპენტერი ამბობს, რომ პუტინთან ორბანის შეხვედრა სასარგებლო არ იყო.
"არ ვფიქრობ, რომ [მოსკოვში ორბანის ვიზიტი] მხარდაჭერას აღმოუჩენს უკრაინას და მის ძალისხმევას მშვიდობის, ან უკრაინის სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად" - თქვა კარპენტერმა 8 ივლისს.