კარპენტერი: საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

08-07-2024 23:24:52 პოლიტიკა

“საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია, მათ შორის, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან”,- განაცხადა, "ამერიკის ხმის" ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკ კარპენტერმა.

"ამერიკის ხმა" აღნიშნავს, რომ კარპენტერმა საქართველოს შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.

კარპენტერის თქმით, თეთრ სახლში ხედავენ, რომ საქართველოს მთავრობამ საგარეო კურსი იცვალა: “ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით”.

ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს “საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში, საქართველოს მხარდასაჭერად” და შესაბამისად, იმის ხილვა, რომ ქვეყანა დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს იღებს, “შეშფოთებას და გულისწყვეტას” იწვევს.

კარპენტერი განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ქმედებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირის, ზოგადად, დასავლურ სტანდარტებთან.

“გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ნატოს ალიანსი ემყარება. ასევე, არ მიგვაჩნია, რომ ის თავსებადია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან”, - განმარტავს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.

კარპენტერის თქმით, იქამდე, სანამ საქართველი არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას და დასავლური სტანადრატების ნაბიჯებს არ გადადგამს, "ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან გადახედვის პროცესშია”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები