Accentnews.ge
კიევში გლოვის დღეა

კიევში გლოვის დღეა

09/07/2024 05:02:57 მსოფლიო

უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად, 9 ივლისი გლოვის დღეა.

8 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში კიევსა და რამდენიმე რეგიონზე. ყველაზე დიდი მსხვერპლი კიევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქშია. 8 ივლისის ღამით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული იერიშის შედეგად საერთო ჯამში, სულ მცირე, 37 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა და დაიჭრა 170 პირი.

რუსეთის სარაკეტო შეტევისას კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ ერთი კორპუსი დაინგრა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ კლინიკის ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი. დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი.

ნაწილობრივ დაინგრა კერძო სამედიცინო ცენტრი „ადონისიც“, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა - 2 პაციენტი და 5 თანამშრომელი.

კიევის სხვადასხვა რაიონში დაინგრა რამდენიმე სახლიც.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 8 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასირებული შეტევისთვის გამოიყენეს 38 ფრთოსანი, ბალისტიკური, აერობალისტიკური და მართვადი საავიაციო რაკეტა. საჰაერო ძალების სარდლის მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, თავდაცვის ძალებმა 30 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევში სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოზე დარტყმა უარყო და ამტკიცებს, რომ ნგრევა გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცის სისტემის რაკეტის ჩამოვარდნამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ცინიზმი უწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსული ფრთოსანი რაკეტის(Х-101) ფრაგმენტები. უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულის მუხლით აღძრა.

სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო უკრაინამ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. სხდომა 9 ივლისს გაიმართება.

საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმა მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S