"სხვა ნაბიჯებიც იქნება" – ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მილიონი გაყინა

09-07-2024 11:20:20 პოლიტიკა

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და "სხვა ნაბიჯებიც იქნება".

"როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ [ევროკავშირის – რედ.] ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია. და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯების იქნება. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ, ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოაცხადეს", – თქვა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

აქამდე, 5 ივლისს პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში და დასავლეთის მიმართ "ქართული ოცნების" ცრუ ბრალდებების ფონზე, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2024. "ღირსეული პარტნიორის" სწავლებები ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პერიოდულად ტარდებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები