Accentnews.ge
საია: "მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა"

საია: "მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა"

09/07/2024 09:12:28 სამართალი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონისტორინგის მე-12 ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის ცნობით, მონიტორინგი ეხება 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

საია–ში აღნიშნავენ, რომ "მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა"

"ორწლიანი დაგვიანებით პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთი კანდიდატები აირჩია, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დისკუსიას განსხვავებული აზრის დაფიქსირებას და ა.შ. სამწუხაროდ, დღემდე სხდომები დებატების, განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს. ევროკომისიის რეკომენდაციაში საუბარია მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ რეფორმაზე, თუმცა შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შარშან განხორციელდა, იყო ფრაგმენტული და სისტემურ გადაწყვეტებს არ ემსახურებოდა. სისტემაში არსებულ საქმეთა გაჭიანურების და მოსამართლეთა ვაკანსიების მაღალი რიცხვის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წელს პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსში არ გამოუცხადებია. სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე, კოლეგია-პალატებში მათ გადანაწილებაზე სრული კონტროლი აქვს იუსტიციის უმაღლე საბჭოს და ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარ ბერკეტად რჩება“, - ნათქვამია ანგარიში.

დოკუმენტის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში თავმჯდომარეების კვოტის არსებობაც. საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლე საბჭოს არჩეული 8 წევრიდან 4 იმავდროულად იყო კოლეგია-პალატის თავმჯდომარე და ითავსებდა ამ უფლებამოსილებებს.

"დღემდე ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოება, ასევე პრობლემად რჩება ინფორმაციის საჯაროობის კუთხით არსებული მდგომარეობა", - აცხადებენ საიაში.

ანგარიშის თანახმად, "იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა ორგანოდ, რომელიც, ფაქტობრივად, არის სრულად დახურული და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის ძალიან დიდი გამოწვევა".

"საანგარიშო პერიოდში, საია-მ 8 წერილით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არცერთ მათგანზე ინფორმაცია არ მიუღია. აქედან გამომდინარე, საია იძულებული გახდა სარჩელი წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რითაც დავობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინააღმდეგ და ითხოვს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სარჩელი ორგანიზაციამ სასამართლოში დეკემბერში შეიტანა, თუმცა სხდომა დღემდე ჩანიშნული არ არის.

ამ საკითხზე თვითონ ირონიულად გვპასუხობენ. მათი აზრით, ეს საჩივრები არანაირ გავლენას არ მოახდენს მათ "კლანურ" მუშაობაზე. პირიქით, გვეუბნებიან, რომ ვნახოთ, რა გამოჩნდება და ვნახავთ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. და ა.შ. ვიცოდით, რომ ამას სასამართლოსთვის სიმბოლური ხასიათი ექნებოდა, ასეთი დავა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საბჭოს და საია-ს ეხებოდა, წინ არ წავიდოდა, მაგრამ ჩვენ ეს მაინც გავაკეთეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დონეზე არის ჩაკეტილი სასამართლო სისტემა“, - აცხადებენ საია-ში.

ამასთან, ორგაიზაციის იურისტების თქმით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრის დროს პარტნიორები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული 9 პირობა შესრულებული არ არის, მათ შორის ყველაზე კრიტიკული კი მართლმსაჯულების რეფორმაა.

„რაც შეეხება არამოსამართლე წევრებს, რომლებიც საბჭოში 2 წლის დაგვიანებით დაინიშნნენ, ისინი კლანის მიმართ ლოიალობით გამოირჩევიან, არ გამოირჩევიან კრიტიკული აზრით და ყველაფერს ეთანხმებიან, რასაც მოსამართლე წევრები განაცხადებენ", - აცხადებენ საია-ში.

ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, "არ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნისთვის ერთგვარი ფილტრია".

"სკოლა არის დახურული და ანალიტიკოსებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ვის, რა კრიტერიუმებით ამზადებს სკოლა და ა.შ." - აცხადებენ საია–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S